მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება პროექტის “ფოთის საერთაშორისო აეროპორტი-მოსალოდნელი რისკები და მათი შემცირების გზები” ფარგლებში.
პაატა ხოფერია, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები,37 წლის
აეროპორტის მშენებლობას მივესალმებით. კარგია თუ რამე გაკეთდება, მაგრამ არის ერთი პრობლემა, ჩვენ ახლომდებარე მოსახლეობას რამდენად გვექნება მშვიდი ცხოვრება. რამდენადაც ვიცით, სულ დიდი თვითმფრინავები იფრენენ, ხმაური იქნება და გარემოს დაბინძურენაზეც იმოქმედებს ეს გარემოება. მაგრამ, ერთით კარგია, რომ ქალაქი განვითარდება. საპრეტენზიო არაფერი მაქვს.
გურამ ქარდავა, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები, 67 წლის.
აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 18 წელი მოსკოვში ვიცხოვრე ყველაფერი ავაწყვე ცხოვრებაში მეორეჯერ. რომ ვიგებდი ამბებს-საქართველო ვითარდება და კარგისკენ მიდიოდა ყველაფერი დავიჯერე და მივატოვე ყველაფერი და საქართველოში დავბრუნდი ვიფიქრე ნაკლებად კომფორტულად ვიყო და ჩემს სამშობლოში ვიყო-თქო. მაგრამ, თურმე ვცდებოდი აეროპორტის მშენებლობაზე რომ გავიგე, მივაკითხე მის ადმინისტრაციას და ვთხოვე მუშად დამაწყებინეთ მუშაობა-მეთქი, უარით გამომისტუმრეს, ჩამოსულები არიან დასაქმებულიო. რად გვინდა ადგილობრივ მოსახლეობას რამის აშენება, თუ ელემენტარულ სამუშაოს ვერ ვიშოვით, დარაჯად მაინც დამაწყებინონ მუშაობა და არანაირი პრეტენზია არ მექნება. კარგია, რომ რაღაცეები კეთდება და შენდება, იქნებ ჩემს შვილებს მაინც მოესწროს რამე.
ნაჭყებია ვალერი, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები, 54 წლის.
ჩვენი ქუჩა გადატვირთული არ არის არანაირად და აეროპორტის მშენებლობა არ გვიშლის ხელს არაფერში. მაგრამ ეს მანამ, სანამ ამუშავდება. რამდენადაც ვიცით სატვირთო აეროპორტი იქნება და დიდი თვითმფრინავები რომ იფრენენ ეს ჩვენზე არ იმოქმედებს?! ამხელა ხმაური რომ იქნება არ შეგვაწუხებს?! ამაზე არავინ საუბრობს. საკუთარი თავის მტრები უნდა ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობა რომ არ გვიხაროდეს, მაგრამ, ჩვენ რა გველის ისიც უნდა ვიცოდეთ. ვინმემ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში რა იქნება მშენებლობის დამთავრების შემდეგ. თუ ჩვენც კარგად ვიქნებით და არაფერი არ დაგვიშავდება, მაშინ მივესალმებით.
ანზორ ნოდია, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები, 49 წლის.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ამ ქუჩაზე ისეთი, ვისაც მუშაობა შეუძლია და სამსახური არ აქვს. კარგი იქნებოდა პრეზიდენტს ყურადღება გააემახვილებინა ამაზე და ადგილობრივები დაესაქმებინა. პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინეთ და ისე კარგად დახატა ფოთის მომავალი, გაგვიხარდა, კარგია საერთაშორისო აეროპორტს ჩვენს ახლოს რომ აშენებენ, მაგრამ ამით ჩვენთვის რა შეიცვლება, მოსახლეობისთვის, ამაზე უბრალოდ არავინ არ ლაპარაკობს. მოსახლეობას ეს ძალიან გვაინტერესებს.
თავბერიძე ბადრი, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები, 60 წლის.
თავდაპირველად, აეროპორტის მშენებლობას სანამ დაიწყებდნენ, იმაზეც იყო საუბარი, რომ მოსახლეობას ასახლებენ და სხვა უბანში გადაასახლებენო, რადგან აქ დიდი საგზაო მაგისტრალი უნდა გაკეთდესო, თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას, რაც ჩვენთვისაც მისაღებია. საკუთარი სახლიდან წასვლა არავის არ უნდა, მაგრამ არის ერთი საკითხი — დიდი განათლება ამას არ უნდა, ყველა დიდ ქვეყანაში და თუ გინდა საქართველოს სხვა ქალაქებში სადაც აეროპორტი არის ახლოს მოსახლეობა არსად არ არის, ალბათ, ეს აუცილებლობაა. ჩვენ რა ბედი გვეწევა ჯერ გასარკვევია. ისე მივესალმებით ქვეყნის ხელისუფლებამ ფოთისკენაც რომ გამოიხედა და აქაც რომ აშენებენ რაღაცეებს.
მამაკაცი, 32 წლის ვინაობა არ გაამხილა.
აეროპორტის აშენებას ჩვენ არავინ არ გვკითხავს, პრეტენზია რომ გვქონდეს ვინმე გაითვალისწინებს რამეს, ვსვამ კითხვას?! დადიხართ და რაღაც უაზროს კითხულობთ, როცა ქვეყნის ინტერესები დადგება, უბრალო მოსახლეობის აზრს არავინ არ გაითვალისწინებს.
გვასალია კახა, იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები, 42 წლის.
ძალიან კარგია, რომ შენდება აეროპორტი. ფოთი უფრო განვითარდება, სამუშაო ადგილები გაჩნდება, ქალაქს მეტი სტუმარი ეყოლება, თუნდაცUგავლით. რაღაცას ხომ შეიძენს ჩამოსული. ეს ერთგვარად ფოთელების ბიუჯეტზე აისახება მეტ ნაკლებად. ძალიან ბევრი რამე იქნება სამომავლოდ ქალაქში და მივესალმები. არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის ის, რომ ახლოს არის აეროპორტი საკმაო მანძილია იქიდან მოსახლეობამდე, არავის პრობლემა არ ექნება. ეს არის რაღაც აგორებული ჭორები. ხალხი იხეირებს ამ მშენებლობით, ქალაქი განვითარდება. პრეზიდენტი ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენც ხელი უნდა შევუწყო.
ირინა არზიანი, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 54 წლის.
თუ აშენდება, კარგი იქნება, ალბათ სამუშაო ადგილებიც შეიქმნება, მე სტუდენტი შვილები მყავს და იმათაც უხარიათ, ამბობენ, რომ დავამთავრებთ იქნებ სამსახურიც კი ვიშოვოთო, მივესალმებით. რაც კეთდება ყველაფერი მისასალმებელია.
ნანი კილასონია, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 36 წლის.
გაკეთდეს, ამას რა სჯობია. ფოთში არაფერი არ შენდება, წლებია და თუ რამეს გააკეთებენ ჩვენთვის კარგი იქნება. მოსახლეობას საპრეტენზიო რა გვაქვს, ახალ თაობას გზა გახსნილი ექნება ყველა მიმართულებით, მივესალმებით.
ლუიზა საჯაია, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 48 წლის.
მივესალმები მშენებლობას, მაგრამ გარკვეული პრობლემებიც არსებობს, ამბობენ, ხმაური იქნება, ქუჩა გადატვირთებაო. მტვერი და ათასი რამე, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება და კმაყოფილები ვიქნებით.
დანელია ედუარდი, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 70 წლის.
აეროპორტიდან მეშვიდე კილომეტრამდე სასწრაფოდ უნდა გააკეთონ მოკლე გზა, რომლითაც მოამარაგებენ აეროპორტის მშენებლობას. მეშვიდე კილომეტრიდან აეროპორტამდე არის გაჭრილი გზა, რომელიც კომუნუსტებმა გააკეთეს და ახლა საჭიროა მისი აღდგენა, მოხრეშვა, რათა სატვირთო მანქანებმა აეროპორტის მიმართულებით იმოძრაონ. ჩვენს ქუჩაზე დადიან მძიმე ტონაჟიანი მანქანები. მოგეხსენებათ, ფოთი ტორფიანი ადგილია და გრუნტი არამყარია, რის გამოც მანქნების სიმძიმე მოქმედებს და სახლებს აზიანებს. უკვე გაუჩნდა ბზარები სახლებს. ეს თუ სისტემატიურ ხასიათს მიიღებს მოსახლეობა სერიოზულად დავზარალდებით და თავზე დაგვენგრევა წლების წინ ნაშენები სახლები. თანაც გზა დამოკლდება, თუ ალტერნატივა იქნება და შემოვლით გზას გააკეთებენ — 2 კილომეტრი იქნება გასავლელი. გზაც დამოკლდება და ეს გარკვეულწილად თანხებსაც დაზოგავს. სახლები ზანზარებს. თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას, აეროპორტთან ახლოს, კოსტავას და იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები 120 ოჯახი ვაპირებთ საპროტესტო აქციები მოვაწყოთ, გადავკეტავთ გზას და არ მივცემთ ტრანსპორტს მოძრაობის საშუალებას. ეს პრობლემა თუ მოგვარდება მაშინ ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. კარგია, რომ ქვეყანა შენდება და ვითარდება.
აფაქიძე ტონია, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 77 წლის.
ჩემი სახლი მთლიანად დაბზარულია. 77 წლის პენსიონერი ვარ და არ მაქვს საშუალება რამე გავაკეთო და ამ მანქანების მოძრაობა თუ დამიშლის სახლს, რა მეშველება. ვინ გამიკეთებს. სახლი დანგრევაზეა, ასე თუ გაგრძელდა არ ვიცი რა მეშველება?! არამარტო მე, არამედ ბევრია ჩემს მდგომარეობაში. ხშირად გარეთ გამოვდივარ მანქანები რომ მოძრაობენ, მგონია მიწისძვრა ხომ არ არის მეთქი. ამბობდნენ, მოსახლეობას აყრიანო, მაგრამ, ახლა უარყოფენ ამას. კარგია, არავის არ უნდა საკუთარი სახლიდან გადასახლება. ააშენონ ბატონო, ოღონდ მოსახლეობა არ დაგვაზარალონ.
ზეინაბ ჩაგანავა, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, 45 წლის.
არაფერი სააწინააღმდეგო არ გვაქვს მე და ჩემს ოჯახს, პირიქით, მივესალმებით კიდეც. მაგრამ, რაც შეეხება მძიმე ტონიანი მანქანების მოძრაობას, მე სპეციალისტი არ ვარ ამ დარგში და არ ვიცი რამდენად დაგვაზარალებს. ამბობენ სატვირთო აეროპორტი შენდებაო და ბუნებრივია დატვირთვაც მეტი იქნება. ალბათ, მიიღებენ რაღაც ზომებს, ასფალტის საფარს აამაღლებენ, ან რამე სხვა. იმედი მაქვს რომ ერთი საქმის გაკეთებით, მეორე საქმეს არ გააფუჭებენ და მოსახლეობის ხარჯზე არ გააკეთებენ რამეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ველოდებით რას იზამენ. ჯერ მთელი დატვირთვით მაინც არ მუშაობენ. იმედს ვიტოვებ, ყველაფერი კარგად იქნება და არანაირი საფრთხე არ დაგვემუქრება მოსახლეობას.
Добавить комментарий